პროექტის შესახებ

პროექტის ფარგლებში, პირველად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში სათემო რადიო დაფუძნდა. სათემო რადიო თემისა და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ამჟამად, ამ რადიო პროექტს ახორციელებენ “სტუდია რე” და ბრიტანული ორგანიზაცია “მედია ტრენინგ ცენტრი”. პროექტის მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.

სათემო რადიოების პროექტი 2006 წელს BBC World Service Trust-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო. თავიდან, რადიო სადგურები ნინოწმინდასა და მარნეულში მოეწყო.

წლების განმავლობაში პროექტს მხარს უჭერდნენ: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი; ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“; ეუთოს საქართველოს წარმომადგენლობა; კანადის საელჩო საქართველოში; IREX (საერთაშორისო კვლევის და გაცვლების საბჭო) საქართველო.

დღევანდელი პროექტის ფარგლებში ნინოწმინდისა და მარნეულის სათემო რადიოებს მესამე – გორის სათემო რადიო “მოზაიკა“ მიემატა.

ყველა რადიოს შემთხვევაში, სათემო რადიოებისათვის ჟურნალისტების შერჩევის მიზნით, ჩატარდა კონკურსი. შერჩეულ კანდიდატებს,გამოცდილმაბრიტანელმა და ქართველმა ჟურნალისტებმა ჩაუტარეს ტრენინგი ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტში.

დღეს, სათემო რადიოების ქსელი „პოლიფონია“ სამ სათემო რადიოს აერთიანებს: „ნორი“ (ქ.ნინოწმინდა), „მარნეულის სათემო რადიო“ (ქ.მარნეული) და „მოზაიკა“ (ქ.გორი). სათემო რადიოს იდეის გავრცელებაში პროექტის პარტნიორები არიან რადიო „ათინათი“ (ქ.ზუგდიდი) და რადიო „ჰერეთი“ (ქ.ლაგოდეხი). ასევე, პროექტში მონაწილეობენ აფხაზი და ოსი ჟურნალისტები, რომელნიც ადგილობრივი თემებისათვის აქტუალურ საკითხებზე ამზადებენ რადიოპროგრამებს.

რადიო „ნორი“ FMეთერში 2015 წლის ივნისიდან მაუწყებლობს. რადიო „მარნეულის სათემო რადიო“ და ახლად ჩამოყალიბებული სათემო რადიო „მოზაიკა“ (გორი), რადიოსიხშირის მოპოვებამდე, ონლაინ სივრცეში მაუწყებლობენ.

მსმენელს ამ ვებგვერდზე შეუძლია მოისმინოს გადაცემები მარნეულის, ნინოწმინდის, გორის მრავალეთნიკურ თემებში არსებულ პრობლემებსა და მის გადაწყვეტის გზებზე. ასევე შესაძლებელი, სხვა პარტნიორთა მიერ, პროექტის ფარგლებში, მომზადებული რადიო გადაცემები.